მაია კოპალეიშვილი
საკონსტიტუციო სამართალი
დაიბადა 1964 წლის 20 ივნისს ქ. თბილისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით (1988წ.), ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა (1995წ.). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – სახელმწიფო მმართველობაში ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის თემაზე (1999წ.) და მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (Ph.D).
სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადების პროგრამის “საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარება” ფარგლებში (1997წ.).
2001-2003, 2010-2011 წწ. – სხვადასხვა დროს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, შპაიერის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში. ჩატარებული აქვს კვლევა სხვადასხვა თემაზე: ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული პროცესი (შედარებითი ანალიზი), ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებათა ურთიერთმიმართება, ადმინისტრაციული მეცნიერება და თანამედროვე საჯარო მმართველობა, მმართველობის მოდერნიზაცია.
მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში იურისტად (1988-1992წწ.), იყო სააქციო საზოგადოება „გულანის“ იურისტი (1992-1996წწ.), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე (1996-2000წწ.), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი ორგანიზაციების - AMEXI-INTERNATIONAL-ის იურისტი – საქარველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროექტის: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განმარტება საჯარო დაწესებულებებისათვის” ფარგლებში (2000-2001წწ.) და IRIS– Gეორგია-ს მთავრობისა და ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობის პროგრამის იურისტ-კოორდინატორი (2001-2005წწ.). იმავდროულად იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის კათედრის წევრი (1992-2005წწ.).
იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე (2005-2007წწ.), 2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, სპიკერი მოსამართლე.
მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ (2007-2009წწ.), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ (2009წ.).
2009 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა ფიცის დადების დღიდან - იმავე წლის 5 დეკემბერს.
2005 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორი. 2010 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
არის სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევის ავტორი, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალში სახელმძღვანელოების თანაავტორი.
ენები: გერმანული, ინგლისური და რუსული.